მართლმსაჯულება სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები.
მართლმსაჯულების ხარისხს მოსამართლის საქმიანობასთან ერთად სასამართლოს აპარატის საქმიანობაც განსაზღვრავს.
მოქალაქეები პირადად ან ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებიან სასამართლოს აპარატის თანამშრომლებს. მათი პირველადი მოთხოვნა არის ის, რომ მათ საქმე ჰქონდეთ კვალიფიციურ და ზრდილობიან სასამართლოს მოხელესთან, ხოლო შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები ხორციელდებოდეს ოპერატიულად და სრულყოფილად, მათთვის კომფორტულ გარემოში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობისა და რწმენის განმტკიცებას. საერთო სასამართლოებში მომსახურების სფეროს გაუმჯობესების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები, კერძოდ:
ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტები, რომელიც განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების მოხელეთა მოქალაქეებთან უშუალო და ელექტრონული კომუნიკაციის წესს და ადგენს მოხელის გარეგნობის სტანდარტს.
ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა და სტანდარტების შემუშავება, მოქალაქეებისა და საერთო სასამართლოების მოხელეებისათვის ხელმისაწვდომი სერვისებისა და ადეკვატური პროცედურების დანერგვა, მათი პერმანენტულად გამარტივება, ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესება.