ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მისია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელ, ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობისათვის შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს წარმოადგენს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი.

საქართველოსიუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი სფეროებია:

1. საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კონკურსების ორგანიზება და ჩატარება

ა) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას და ამტკიცებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობასა და დებულებას, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამასა და გამოცდაში მონაწილეობის საფასურს.

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით აცხადებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელად მისაღებ კონკურსს, განსაზღვრავს იუსტიციის მსმენელობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადას და ატარებს კონკურსს.

გ) რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობისას აცხადებს კონკურსს, განსაზღვრავს მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადას, კონკურსის ჩატარების პირობებს, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს და ატარებს კონკურსს.

2. პირველი და სააპელაციო ინსტანციების მოსამართლეთა დანიშვნა და გათავისუფლება

ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეს, სააპელაციო სასამართლოს პალატისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს.

ბ) სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეები ფიცს დებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე. მოსამართლის ფიცის ტექსტს, მოსამართლის თანამდებობრივ განმასხვავებელ ნიშნებს, მოსამართლის ჩაცმულობის ფორმას და მოსამართლის სამსახურებრივი მოწმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში თავმჯდომარის დანიშვნამდე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს, სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, იღებს გადაწყვეტილებას სხვა მოსამართლისათვის თავმჯდომარის უფლებამოსილების დაკისრებისა და დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისაგან გათავისუფლების შესახებ.

დ) მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის თანაშემწისა და სხდომის მდივნის შესაბამის სასამართლოში მივლინების შესახებ.

ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიმუშავებს მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმებს.