„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34(1) მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატად რეგისტრირებულმა პირებმა 2024 წლის 28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით საბჭოს უნდა წარუდგინონ საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ და ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა კანდიდატის მიერ წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. თუ კანდიდატი დადგენილ ვადაში არ წარადგენს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ ცნობას ან ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობას, მისი კანდიდატად რეგისტრაცია უქმდება.
თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების შესახებ კანდიდატებთან კომუნიკაცია განხორციელდება ინდივიდუალურად, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ.