სასამართლო რეფორმა

სასამართლო რეფორმა და მისი შედეგები 

1997 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ `საერთო სასამართლოების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის მიღებით დაიწყო სასამართლო რეფორმა საქართველოში. რეფორმის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ხელისუფლებათა დანაწილების პრინციპის რეალიზება და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ფორმირება.  სამწუხაროდ, 1997 წელს დაწყებულ სასამართლო რეფორმას არ მოჰყოლია ის შედეგები, რასაც ითვალისწინებდა რეფორმის კონცეფცია.  ამორტიზებული მატერიალური ბაზის, მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა სოციალური დაცვის გარანტიების არარსებობის პირობებში, სასამართლო სისტემაში დაგროვდა უამრავი პრობლემა, რამაც ხელი შეუწყო არაჯანსაღი პროცესების განვითარებას. ამასთან, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო არ განხორციელდა სასამართლო სისტემასთან პირდაპირ შეხებაში მყოფი სხვა სახელმწიფო უწყებების (პროკურატურა, პოლიცია) რეფორმა. სასამართლო რეფორმის ახალი ეტაპი 2005 წელს დაიწყო. შემუშავებულ იქნა რეფორმის ახალი კონცეფცია და განისაზღვრა ახალი პრიორიტეტები. 

სასამართლო რეფორმის პრიორიტეტები

·   სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების სრულყოფა და მათი საქმიანობის ეფექტურობის უზრუნველყოფა.

·   სასამართლო სისტემის ინსტიტუციური რეორგანიზაცია, მწყობრი, ფუნქციურად გამართული სისტემის შექმნა და შესაბამისად, თანმიმდევრული ინსტანციურობის პრინციპის უზრუნველყოფა.

·   მოსამართლეთა სპეციალიზაცია ყველა ინსტანციის სასამართლოში.

·   მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა არანაკლებ 400-მდე.

·   მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების გაზრდა, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების გაძლიერება და განმტკიცება.

·   მოსამართლეთა კადრების შერჩევის კრიტერიუმების დახვეწა და მათი თანამდებობაზე განწესების სისტემის სრულყოფა.

·   მოსამართლეობის კანდიდატთა მომზადებისა და მოქმედი მოსამართლეების მუდმივი გადამზადების სისტემის შექმნა, შესაბამისი გრძელვადიანი პროგრამებისა და სასწავლო კურსის შემუშავება და ამოქმედება.

·   კარიერის პრინციპით მოსამართლეთა სამსახურებრივი წინსვლის უზრუნველყოფა.

·   სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა.

·   სასამართლოთა შენობებში და სხდომათა დარბაზებში წესრიგის დაცვის მიზნით სასამართლოს მანდატურის ინსტიტუტის შემოღება.

·   სასამართლოს ორგანიზაციული მუშაობის გაუმჯობესება, მისი მენეჯმენტის სისტემის დახვეწა, სასამართლო აპარატის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი საქმიანობის გაუმჯობესება.

·     სასამართლო სისტემის ერთიანი კომპიუტერული ქსელის შექმნა, შესაბამისად, საქმისწარმოების ხარისხის ამაღლება და სრულყოფა, სასამართლოთა საქმიანობის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა საჯარო ინფორმაციის ქსელში განთავსებით.

·    გაჭიანურებული სასამართლო განხილვების პრობლემის გადაწყვეტა, საქმეთა განმეორებითი განხილვის შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა.

·     იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო სამართალწარმოების მექანიზმის დახვეწა, მათ შემადგენლობაში მოსამართლეთა რაოდენობის, სულ მცირე, ნახევრამდე გაზრდა და მათი საქმიანობის ეფექტურობის უზრუნველყოფა.

·      სასამართლოსა და მასმედიის ურთიერთობის გაფართოება და გაუმჯობესება, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერება.   

უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმის ზემოთ დასახელებული პრიორიტეტები კიდევ უფრო დეტალურად აისახა არაერთ სამთავრობო თუ საერთაშორისო პროგრამებში. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა.  სასამართლო რეფორმის თითოეული მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ ერთ მთავარ მიზანს ემსახურება, ესაადამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის შექმნა და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება. 2005 წლიდან დღემდე არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა, რამაც დადებითი ეფექტი ჰპოვა როგორც სასამართლო სისტემის გამართული ფუნქციონირების თვალსაზრისით, ასევე სასამართლო ხელმისაწვდომობის კუთხით. უფრო დეტალურად სასამართლო რეფორმის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ იხილეთ ქვემოთ. 

1. ინსტიტუციური ცვლილებები

2005 წლამდე არ არსებობდა მწყობრი, თანმიმდევრული ინსტანციურობის პრინციპზე აგებული სასამართლო სისტემა. 1999 წლამდე მოქმედი თბილისის საქალაქო სასამართლო საქმეებს განიხილავდა როგორც პირველი ინსტანციით, ასევე ზედამხედველობისა და საკასაციო წესით. 1997 წელს, კანონმდებელმა `საერთო სასამართლოების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის მიღებით თითქოს სცადა თანმიმდევრული ინსტანციურობის პრინციპის შემოღება, გაითვალისწინა კიდეც სააპელაციო სასამართლო, როგორც მეორე ინსტანციის სასამართლო, რომელსაც უნდა განეხილა სააპელაციო საჩივრები პირველი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, თუმცა, რეფორმა ვერ განხორციელდა და 2005 წლამდე ფაქტობრივად მოქმედებდა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოები, რომლებიც საქმეებს განიხილავდნენ ასევე პირველი ინსტანციით. სწორედ თანმიმდევრული ინსტანციურობის პრინციპის დამკვიდრებას ისახავდა მიზნად ინსტიტუციური რეფორმა, რაც გულისხმობს წმინდა პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოების ფუნქციონირებას. ამასთან, ინსტიტუციური რეფორმის ერთ-ერთ მიმართულებად განისაზღვრა პირველი ინსტანციის სასამართლოებში აგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტის ამოქმედება, რომლის მთავარი ამოცანა მცირემნიშვნელოვანი დავების სწრაფად და გამარტივებულად განხილვა და გადაწყვეტა იქნებოდა.`საერთო სასამართლოების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად (მუხლი 14, პუნქტი 3), მაგისტრატი მოსამართლე შედის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს გამსხვილებული რაიონული (საქალაქო) სასამართლოამდენად, ინსტიტუციური რეფორმა კიდევ ერთ მიმართულებას ითვალისწინებდა, კერძოდ, არსებული 70 რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გამსხვილებას და შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებების გატარებას. შესაბამისად დაიგეგმა 20 გამსხვილებული რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნა, რომელთა შემადგენლობაში შესაძლებელი იქნებოდა ასევე მოსამართლეთა სპეციალიზაცია, რაც ხელს შეუწყობდა საქმეთა მაღალკვალიფიციურად განხილვას. საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობას მიკუთვნებული საქმეები. 2005 წლიდან დღემდე უკვე ამოქმედდა 6 გამსხვილებული რაიონული (საქალაქო) სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო, მცხეთის, ახალქალაქის, საჩხერის, ხაშურის და გორის რაიონული სასამართლოები. 2005 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა წმინდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლო, რითაც ძირეულად შეიცვალა მანამდე არსებული საოლქო სასამართლოების მოდელი საერთო სასამართლოების ერთიან სისტემაში. ამ პერიოდამდე, მეორე ინსტანციის, ანუ საოლქო სასამართლო არ წარმოადგენდა წმინდა სააპელაციო ტიპის სასამართლოს, რადგან სააპელაციო საჩივრებთან ერთად იგი პირველი ინსტანციით განიხილავდა მის განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს. განხორციელებული ცვლილებით სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს მხოლოდ აპელაციის წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლო ჩამოყალიბდა წმინდა საკასაციო  ინსტანციის სასამართლოდ. უზენაეს სასამართლოში გაუქმდა სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, რომელიც პირველი ინსტანციით განიხილავდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საქმეებს. ამჟამად უზენაესი სასამართლო განიხილავს მხოლოდ საკასაციო საჩივრებს. შემოღებულ იქნა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმები 

2. საკადრო რეფორმა

საკადრო რეფორმა სასამართლო რეფორმის ერთ-ერთ პრიოტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომლის მიზანია სასამართლო სისტემის  მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება და ძლიერი სამოსამართლო კორპუსის შექმნა, რაც მოიცავს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებას, მოსამართლეთა შერჩევის ეფექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების შემოღებას, მოსამართლეთა სწავლებას და სხვა ღონისძიებებს.   საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით 2005 წლიდან მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები, პირველად 1999 წლის შემდგომ, ტარდება სპეციალიზაციის მიხედვით, კერძოდ, საერთო, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზებით, რაც განაპირობებს საქმეების განხილვას შესაბამის დარგში უფრო მეტი კვალიფიკაციის მქონე მოსამართლეების მიერ, რომლებიც სპეციალიზებულნი იქნებიან სამართლის ვიწრო დარგების მიხედვით. ამასთან, განხორციელდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მოსამართლედ გასამწესებელი პირის ქვედა ასაკობრივი ზღვარი შემცირდა 30 წლიდან 28 წლამდე, რაც დამატებითი კონტინგენტის მიღების შესაძლებლობას იძლევა.  კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით 2005 წლის ივნისიდან დღემდე ჩატარებულ იქნა მოსამართლეობის 7 საკვალიფიკაციო გამოცდა და 9 შესარჩევი კონკურსი. სულ საკვალიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 4105-მა კანდიდატმა. გამოცდა ჩააბარა 660-მა კანდიდატმა, რომელთაგან დაინიშნა 108 ახალი მოსამართლე.მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა ხდება განათლების, ინტელექტის, პროფესიული გამოცდილების, პიროვნული მახასიათებლების, მოტივირების, საქმისადმი დამოკიდებულების, კომუნიკაბელობის, მორალურ-ეთიკური თვისებების გათვალისწინებით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებულ იქნა ოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. ამასთან, საზოგადოების ფართო წრეს შესაძლებლობა აქვს გამოხატოს თავისი მოსაზრებები თითოეულ შერჩეულ კანდიდატზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე ინფორმაციის გაგზავნის მეშვეობით.მოსამართლეთა შერჩევის უფრო ეფექტური კრიტერიუმების დამკვიდრების მიზნით, 2005 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი `იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ~, რომლის შესაბამისადაც შეიქმნა იუსტიციის უმაღლესი სკოლა. სკოლის დანიშნულებაა საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით მოსამართლედ გასამწესებელი პირის, იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადების უზრუნველყოფა. მიმდინარე ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიზანია მოსამართლეთა და სასამართლოს აპარატის მოსამსახურეთა გადამზადება, რაც აქტიურად ხორციელდება. 2006 წელს 38 მოსამართლემ გაიარა სპეციალური მომზადება პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში. 2007 წლის პირველ ექვს თვეში იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფარგლებში მოსამართლეებისათვის აქტუალურ საკითხებზე გაიმართა 13 სემინარი. საკადრო რეფორმის შემადგენელი ნაწილია სასამართლოს აპარატების მოხელეთა დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრებით. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ სასამართლოების გაერთიანების პროცესის პარალელურად აღნიშნულ სასამართლოებში ტარდება აპარატის მოხელეთა კონკურსი. აღსანიშნავია, რომ პირველად  დადგინდა ერთიანი საკვალიფიკაციო მოთხოვნები სასამართლოს აპარატის მოხელეთათვის, რაც კომისიის მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის ერთ-ერთი გარანტი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ახლადდაკომპლექტებული აპარატი წარმატებით მუშაობს და ორიენტირებულია მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე.  

 3. სოციალური დაცვის გარანტიები  

სასამართლო სისტემაში ეფექტური სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების არსებობა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საშუალებაა. სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების სრულყოფის ერთ-ერთ ინდიკატორად სწორედ მოსამართლეთა მყარი სოციალური გარანტიების შექმნა განისაზღვრა. 1999 წლამდე მოსამართლის ხელფასი 30 ლარს არ აღემატებოდა, არ არსებობდა ტექნიკურად აღჭურვილი სასამართლო შენობები, ეფექტური და მოქნილი ადმინისტრირება. ასეთ პირობებში, თავისთავად ძნელი იქნებოდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების საკითხი მოწესრიგდა იერარქიულად მაღლა მდგომი სამართლებრივი აქტით, კერძოდ საკანონმდებლო აქტით. ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოს მინიმალური ზღვარი 1550 ლარია, ხოლო მაქსიმალური – 4100 ლარი. ამასთან, მოსამართლეთა და სასამართლოების აპარატების თანამშრომელთა  ხელფასების შემდგომი ზრდა 2007-2010 წლებში, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, ასახულია არაერთ სამთავრობო პროგრამაში, რომელთა შორის აღვნიშნავთ `საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას.~.საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრასთან ერთად, ახლებურად განისაზღვრა საერთო სასამართლოების აპარატების მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები. აპარატის მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ზღვარი შეადგენდა 250 ლარს, ხოლო მინიმალური ზღვარი – 70 ლარს. 2007 წლის პირველი იანვრიდან ხელფასის ქვედა ზღვარი განისაზღვრა 140 ლარით, ხოლო ზედა ზღვარი – 1250 ლარით  

4. სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

სასამართლო რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასამართლოთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და შესაბამისად, მოსამართლეთა და სასამართლოს აპარატის მოსამსახურეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. რეფორმის დაწყებამდე სასამართლოთა შენობები იმყოფებოდა სავალალო მდგომარეობაში. მიმდინარე ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს სასამართლოების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად. გათვალისწინებულია ახალი დარბაზების მოწყობა, რომლებიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით. აღნიშნულით შესაძლებელი გახდება სტენოგრაფიული ჩანაწერისა და სხდომის ოქმის ელექტრონული ფორმით მომზადება, ხოლო დისპლეის მეშვეობით - მტკიცებულებების ნახვა. მსოფლიო ბანკის დახმარებით გარემონტდა გარკვეული რაოდენობის სასამართლო შენობები. დღესდღეობით აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგების მიღწევა მნიშვნელოვნად განაპირობა სასამართლოებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტის ზრდამ და ასევე ფინანსური დანახარჯების საკითხთან ახლებურად მიდგომამ. უკვე დასრულდა 30-მდე სასასამართლო შენობის გარემონტება, კერძოდ: თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო, ბათუმის, ფოთისა და რუსთავის საქალაქო, მცხეთის, ოზურგეთის, ახალციხის, ახალქალაქის, ზუგდიდის, სამტრედიის, ამბროლაურის, ზესტაფონის, საჩხერის, ხაშურის, გორის, თელავისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოები, ლენტეხის, ახმეტის, ადიგენის, წყალტუბოს, წალკის, გარდაბნის, ნინოწმინდის, დედოფლისწყაროს, აბაშის, თერჯოლის, შუახევისა და ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლოები. სასამართლოების გარემონტების პროცესი 2008 წელს მთლიანად დასრულდება 

5. დისციპლინური სამართალწარმოება

მოსამართლეთა დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მექანიზმის დახვეწა. `საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ~ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი გახდა უფრო მოქნილი და დროში შემჭიდროვებული. საქმის განხილვის პროცედურის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადატანით, საბჭოს რაოდენობის მოსამართლეებით გაზრდის პირობებში, შეიქმნა დისციპლინური საქმის უფრო ობიექტურად განხილვის გარანტიები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოადგენს მოსამართლის მიმართ როგორც დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილების მქონე, ასევე დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოს, თუმცა ხაზგასასმელია, რომ იგი არ არის დისციპლინური საქმის განმხილველი ორგანო. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინურ საკითხზე გამართულ სხდომაში და გადაწყვეტილების მიღებაში არ მონაწილეობს საქართველოს იუსტიციის საბჭოს ის წევრი, რომელიც საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრია. მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების სისტემა იმგვარდაა მოწყობილი, რომ იგი სრულად შეესაბამება როგორც 1994 წლის 13 ოქტომბერს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ რეკომენდაციას _ `მოსამართლეთა დამოუკიდებლობა, ეფექტიანობა და როლი", რომლის მიხედვით, მოსამართლეთა მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევები უნდა შემოწმდეს შესაბამისი, დამოუკიდებელი და კომპეტენტური ორგანოს მიერ, იმავდროულად, შემოწმდეს გონივრულ ვადაში და არა გაჭიანურებული პროცედურის შესაბამისად, ასევე `მოსამართლეთა სტატუსის შესახებ~ ევროპის ქარტიას, რომლის თანახმადაც `მოსამართლის მიერ სტატუტით პირდაპირ გათვალისწინებული რომელიმე მოვალეობის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს სანქციის გამოყენება მხოლოდ არჩეული მოსამართლეებისაგან შემდგარი სასამართლოს ან ორგანოს მიერ, . . ., რომელიც ითვალისწინებს მხარეთა სრულ მოსმენას და, რომელშიც პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს აქვს წარმომადგენლობის უფლება.... სასამართლოს ან სანქციის შემფარდებელი ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლო ორგანოში.~. დისციპლინური საქმისწარმოების სრულყოფილებაზე მეტყველებს ასევე დისციპლინური სტატისტიკა, რომლის თანახმად მოსამართლეთა მიმართ შემოსული საჩივარ-განცხადებების 96%-ზე ხდება დისციპლინური დევნის შეწყვეტა და მხოლოდ 4% სრულდება მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემით და შესაბამისად, დისციპლინური საქმეები განსახილველად ეგზავნება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.  განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, `საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ~ საქართველოს კანონში 2007 წლის 11 ივლისს შეტანილ იქნა ცვლილებები, რომლის შესაბამისად, კანონის უხეში დარღვევა აღარ წარმოადგენს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს. კანონმდებლის მიერ დადგენილ იქნა აღნიშნული ცნების განმარტება, რომელიც ნორმის არსებითი ნაწილია. ამასთან, თითოეული დისციპლინური გადაცდომისათვის დადგინდა შესაბამისი დისციპლინური სახდელი. 

6. სასამართლო ადმინისტრირების სრულყოფა 

ადამიანის დარღვეული უფლებების აღდგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწრაფი და კვალიფიციური მართლმსაჯულების არსებობას. აღნიშნულის მიზნის მიღწევისათვის მნიშვნელვანია სასამართლოს გამართული ფუნქციონირება და ადმინისტრირების ეფექტური მექანიზმების შემოღება, საქმისწარმოების წესის სრულყოფა. ამ მიმართულებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აქტიურად ხორციელდება მეთოდოლოგიური და კანონშემოქმედებითი საქმიანობა. ინტენსიურად ხდება საერთო სასამართლოებიდან სტატისტიკური ანგარიშების გამოთხოვა, სასამართლოების საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით პრობლემატური საკითხების წამოჭრა, მარეგულირებელ ნორმატიულ ბაზაში არსებული ხარვეზების გამოვლენა, პრობლემების აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების შემუშავება. ამ მხრივ სასამართლო სისტემაში არაერთი ღონისძიება იქნა გატარებული. აღსანიშნავია საქმისწარმოების ფორმების შემოღება, რომელიც იძლევა საქმის განხილვის გაჭიანურების მიზეზების გამოვლენის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა საპროცესო კანონმდებლობაში, კერძოდ: გამარტივდა საქმის განხილვის პროცედურები; ეფექტური გახდა მხარეთა უფლებების დაცვა; მოსამართლეებს მიეცათ შესაძლებლობა საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად გამოიყენონ უფრო მოქნილი და ეფექტური სამართლებრივი მექანიზმები. გარდა ამისა, იიუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებულ იქნა მთელი რიგი წინადადებები, რომელიც სამართალწარმოების პროცესის სრულყოფისა და უკეთესი ადმინისტრირებისკენაა მიმართული.   უახლოესი მომავლის საქმიანობის საგანს წარმოდგენს ერთიანი კომპიუტერული საინფორმაციო სივრცის შექმნა, რომელიც შესაძლებელს გახდის სასამართლოებში ერთიანი ელექტრონული დოკუმენტბრუნვისა და საქმისწარმოების სისტემების დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საპროცესო, ორგანიზაციული თუ სამეურნეო ხასიათის კორესპონდენციის ოპერატიულად მოძრაობას და საერთო ჯამში, ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმისწარმოების ხარისხის ამაღლებას. საერთო სასამართლოებში წესრიგის დაცვისა და მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელებისათვის ხელშეწყობის მიზნით `საერთო სასამართლოების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონით შემოღებულ იქნა სასამართლოს მანდატურის ინსტიტუტი. შესაბამისი ცვლილებები შევიდა საპროცესო კოდექსებში, სადაც განისაზღვრა წესრიგის დამრღვევთა მიმართ კონკრეტული სახდელების დაკისრების შემთხვევები და წესი. დღეისათვის სასამართლოს მანდატურის ინსტიტუტი მოქმედებს 24 რაიონულ სასამართლოში. მანდატურების შერჩევა განხორციელდა კონკურსის მეშვეობით. ამასთან, 2007 წლის მარტის თვეში საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩატარდა სასამართლოს მანდატურების ტრენინგი, რომლის მიზანი იყო სასამართლოს მანდატურებისათვის როგორც თეორიის, ასევე პრაქტიკული უნარების სწავლება. 

7. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შექმნისას მის ფუნქციებად განისაზღვრა მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნა, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლება, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავება და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შექმნიდან უკვე ათი წელი გავიდა და შეიძლება ითქვას, რომ მან ღირსეული ადგილი დაიკავა ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის. მართალია საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს სტატუსიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები წარმოადგენდა სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებებს საქართველოს პრეზიდენტისათვის, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეალურად ჩამოყალიბდა როგორც სასამართლო რეფორმის მაკოორდინირებელი და წამყვანი ორგანო. არსებობის მანძილზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამოდენიმეჯერ განიცადა ტრანსფორმაცია, რათა მისი საქმიანობა ყოფილიყო უფრო ეფექტური სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. საბჭოს შექმნისას მისი შემადგენლობა განისაზღვრა თორმეტი წევრით, სადაც მხოლოდ სამი მოსამართლე იყო წარმოდგენილი. 2004 წლის 30 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა ცხრა წევრით, თუმცა აღნიშნულს მოსამართლეთა რაოდენობაზე გავლენა არ მოუხდენია.  იუსტიციის საბჭოს ევროპული მოდელი მსგავსი ორგანოების შემადგენლობაში განსაზღვრავს მოსამართლეთა უმრავლესობის პრინციპს, რომელიც საქართველოს სინამდვილეში დარღვეული იყო. აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებულ იქნა 2005 წლის 25 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 18 წევრით, რომელთაგან 8 წევრს საერთო სასამართლოების მოსამართლეებისაგან ირჩევდა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით. თუმცა, საბჭოში მოსამართლეთა წარმომადგენლობის ზრდის ტენდენცია კვლავაც გაგრძელდა. 2006 წლის 25 მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 19 წევრით. საბჭოს შემადგენლობიდან გავიდა საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს პარლამენტის ქვოტა გაიზარდა 5 წევრამდე, ხოლო საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული მოსამართლეების რაოდენობამ 9 წევრს მიაღწია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტატუსისა და მისი ფუნქციური მოვალეობების თვალსაზრისით გარდამტეხი გახლდათ 2006 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რამაც შექმნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მეტი გარანტიები. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტატუსი და დაკომპლექტების პრინციპი სრულად შეესაბამება მოსამართლეთა სტატუსის შესახებ ევროპის ქარტიის ზოგად პრინციპებს. ციტატა ქარტიიდან (თავი 1, პუნქტი 1.3): `ყველა იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება მოსამართლეთა შერჩევას კანდიდატურების მოძიებას, დანიშვნას, სამსახურებრივ წინსვლას ან სამსახურებრივი ვადის შეწყვეტას სტატუტი ითვალისწინებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ორგანოს მონაწილეობას, რომლის შემადგენლობის, სულ ცოტა, ნახევარი შედგება მოსამართლეებისაგან, რომლებიც არჩეული არიან კოლეგების მიერვე სასამართლო ხელისუფლების ყველაზე ფართო წარმომადგენლობის უზრუნველმყოფი მეთოდების საფუძველზე.~. საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ბოლო ტრანსფორმაცია 2007 წლის ივნისის თვეში განხორციელდა. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 15 წევრით. ძალზედ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საბჭოს საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. საქართველოს პარლამენტის ქვოტა განისაზღვრა 4 წევრით, რომელთაგან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის საბჭოს შემადგენლობაში, საქართველოს პრეზიდენტს საბჭოში წარმოადგენს მის მიერ დანიშნული 2 წევრი, ხოლო საქართველოს საერთო სასამართლოებს საბჭოში წარმოადგენენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი, თუ იგი არ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, შეიძლება იყოს მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლე.გარდა ამისა, ცვლილებების შედეგად საბჭოს კომპეტენციად განისაზღვრა მთელი რიგი იმ საკითხების გადაწყვეტა, რომელზეც მანამდე საქართველოს პრეზიდენტი იღებდა გადაწყვეტილებას. მათ შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მოსამართლის დანიშვნა და გათავისუფლება, სასამართლოების შექმნა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრა, სასამართლოებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრა, მოსამართლეთა სპეციალიზებული კოლეგიების შექმნა, სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა, მოსამართლის საქმის განხილვისაგან ჩამოცილება. 

8. სასამართლო და მედია

სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა, საჯაროობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა ამ რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. აქამდე დანერგილი პრაქტიკის მიხედვით, სასასამართლო პირდაპირ კონტაქტზე საზოგადოებასთან არ გამოდიოდა და მას ურთიერთობა მხოლოდ საზოგადოების კონკრეტულ წევრთან, კერძოდ კი იმ მხარესთან ჰქონდა, რომელიც წარმოადგენდა პროცესის მონაწილე სუბიექტს ან სასამართლოში განცხადების წარმდგენ მხარესსასამართლოსა და საზოგადოების ურთიერთობა უფრო ფართო და მრავალმხრივი უნდა იყოს, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს სასამართლოს შესახებ და ეს ურთიერთობა მედიის მხრიდან მათთთვის მხოლოდ ერთეული პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. სასამართლო სისტემაში მიმდინარე ყველა ცვლილება საზოგადოების განსჯის საგანი უნდა გახდეს, საზოგადოებამ თავი რეფორმის მონაწილედ უნდა იგრძნოს, რათა გაუჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა ამ პროცესის მიმართ. სასამართლოსა და საზოგადოებას შორის გამჭვირვალე ურთიერთობის დამყარებისკენ სერიოზული ნაბიჯი უკვე გადაიდგა და სასამართლოებში სპიკერ-მოსამართლის ინსტიტუტი ამოქმედდა. მსგავსი პრაქტიკა უკვე დამკვიდრებულია დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში. სპიკერ-მოსამართლის მეშვეობით სასამართლო საზოგადოებას თავის პოზიციას დაუფიქსირებს.   რეფორმის განხორციელების კვალდაკვალ უნდა მოხდეს იმ ჟურნალისტების სამართლებრივი ცოდნის დონის ამაღლება, რომლებიც სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ. ხშირად ჟურნალისტები სწორედ იმის გამო, რომ სპეციალური განათლება არ აქვთ, არასწორად აშუქებენ მოვლენებს. ტრეინინგების საშუალებით ჟურნალისტებს მიეწოდებათ  ინფორმაცია როგორც საკანონმდებლო სიახლეებზე, ასევე _ სასამართლოში მიმდინარე სხვა აქტუალურ საკითხებზე2007 წლის სექტემბრიდან განახლდა სატელევიზიო პროექტი `სასამართლო~, რომლის მიზანია სასამართლო რეფორმის საჯაროობა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება სასამართლოსადმი მიმართვის კუთხით. 2007 წლის სექტემბრიდან ასევე რადიო `პირველ არხში~ გაშვებულ იქნა რუბრიკა `სასამართლო გადაწყვეტილება~, სადაც საზოგადოებას ეცნობება როგორ იღებს სასამართლო გადაწყვეტილებებს. 2007 წლის სექტემბრიდან დაიწყო სპიკერი მოსამართლეებისა და ჟურნალისტების ტრენინგები, რომელიც მიეძღვნა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს. 

9. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას  

არსებითი ცვლილებები იქნა განხორციელებული საქართველოს კონსტიტუციაში 2006 წლის 27 დეკემბერს, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გავიდა ისეთი საკითხები, როგორიცაა მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება. აღნიშნული უფლებამოსილება გადაეცა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.2007 წლის 11 ივლისს საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა `საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ~ საქართველოს კანონში, რომლის შესაბამისად კანონის მძიმე და უხეში დარღვევა აღარ წარმოადგენს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს, ამასთან დისციპლინური გადაცდომის სახეები და პასუხისმგებლობის ზომები გახდა უფრო ნათელი. 2007 წლის 4 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სისხლისსამართლებრივი წესით აღარ არის დასჯადი მოსამართლის მიერ უკანონო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა.2007 წლის 11 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა `საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ~ საქართველოს კანონი, რომელიც განამტკიცებს მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიებს. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, `საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების სტადიაზე აკრძალულია პროცესის მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა და საჯარო მოსამსახურეთა მოსამართლესთან კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან და არღვევს სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს.~.  

 

© საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
ბოჭორმის 12, თბილისი, ტელ: 27 31 00
council@hcoj.gov.ge

Website counter
Created by Tea Kharitonashvili  
 
Home
Home Sitemap Contact