საქართველოს იუსტიცის უმაღლესი საბჭო (2004 წლამდე საქართველოს იუსტიციის საბჭო) 1997 წელს შეიქმნა და მიზნად სასამართლო რეფორმის წარმატებით ჩატარება დაისახა. არსებობის მანძილზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამოდენიმეჯერ განიცადა ტრანსფორმაცია. იგი ამჟამინდელი სახით 2007 წლის ივნისის თვეში ჩამოყალიბდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირითად ფუნქციებში შედის: მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება, მოსამართლეთა შერჩევა და დანიშვნა, მოსამართლეთა და სასამართლო მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადების კოორდინაცია და მეთოდური უზრუნველყოფა, დისციპლინური სამართალწარმოება, სასამართლოებში საქმისწარმოების განვითარების მეთოდური უზრუნველყოფა, სოციალური გარანტიებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთაგან: 2 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი; 3 წევრს, საქართველოს პარლამენტის წევრთაგან, ირჩევს საქართველოს პარლამენტი; საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრიდან 1 წევრი არჩეული უნდა იქნებს იმ ფრაქციიდან, რომელიც არ არის გაერთიანებულ უმრავლესობაში, ან საქართველოს პარლამენტის იმ წევრთაგან, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები. 8 წევრს, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით. მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი, თუ იგი არ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, შეიძლება იყოს მხოლოდ საერთო სასამართლოების მოსამართლე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა, გარდა იმ წევრებისა, რომლებიც საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან და საბჭოს მდივნისა, 4 წელია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აირჩევა 3 წლის ვადით.
`საერთო სასამართლოების შესახებ' საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. აპარატი კი თავის მხრივ, ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შექმნილია სამი დეპარტამენტი:
ა) სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის;
ბ) სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების;
გ) საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების.
სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი შედგება სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველოს, საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აპარატისა და პრეს-ცენტრისაგან. დეპარტამენტის ფუნქციაა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა; წინადადებების მომზადება სასამართლო ადმინისტრირების საკითხებზე; სასამართლო რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულება; საბჭოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვა.
სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი შედგება სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს, სამოქალაქო სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოსა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოსაგან. დეპარტამენტის ფუნქციაა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ნორმატიული აქტების საფუძველზე დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტების მომზადება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების სტატისტიკის მომზადება; დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკის განზოგადება.
საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების დეპარტამენტი შედგება საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებისა და საკადრო საკითხთა განყოფილებისაგან. დეპარტამენტის ფუნქციაა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოხელეთა საკადრო აღრიცხვა, მათთვის შრომის წიგნაკებისა და ჩასართი ფურცლების წარმოება და ნამსახურობის ნუსხების შედგენა; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის გამართვა, ატესტაციის ორგანიზება და ჩატარება; საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საქმიანობა; ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციების აღრიცხვა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა და მისი აპარატის სტრუქტურა, რომელიც ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი კადრებითაა დაკომპლექტებული, იძლევა იმის შესანიშნავ შესაძლებლობას, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმატებით განახორციელოს ინსტიტუციური რეფორმების ახალი ეტაპი.


















